დრო:11:05:56თარიღი:შაბათი 19 ნოემბერი 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


კანონი საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს, ორგანიზაციასა და დამოუკიდებლობის გარანტიებს.

2. კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

3. კონტროლის პალატა აღიარებს უმაღლესი აუდიტორული და მაკონტროლებელი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებს და ხელმძღვანელობს მათ მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.

4. მხოლოდ ამ კანონით განისაზღვრება კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებამოსილების განხორციელების წესი და ფარგლები.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებაამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აუდიტი – კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული შემოწმება, რომელიც მოიცავს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) კომპლექსური აუდიტი – პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, აუდიტის ობიექტის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის ყოველმხრივი შესწავლა;

გ) თემატური აუდიტი – პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, აუდიტის ობიექტის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის ცალკეული თემის (საკითხის) შესწავლა;

დ) გასვლითი აუდიტი – კომპლექსური ან თემატური აუდიტის ჩატარება აუდიტის ობიექტის საქმიანობის ადგილზე;

ე) კამერალური აუდიტი – კომპლექსური ან თემატური აუდიტის კონტროლის პალატაში ჩატარება აუდიტის ობიექტიდან მიღებული მასალების საფუძველზე;

ვ) ფინანსური აუდიტი – აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ზ) შესაბამისობის აუდიტი – აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;

თ) ეფექტიანობის აუდიტი – სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის ანალიზი და შეფასება;

ი) აუდიტორი – კონტროლის პალატის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;

ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი კონტროლის პალატის უფლებამოსილება.

მუხლი 3. კონტროლის პალატის სტატუსი

1. კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს.

2. კონტროლის პალატა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია კონტროლის პალატაზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

3. კონტროლის პალატა უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.

მუხლი 4. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნები და პრინციპები

1. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

2. კონტროლის პალატის საქმიანობის პრინციპებია:

ა) ობიექტურობა;

ბ) დამოუკიდებლობა;

გ) საჯაროობა;

დ) პროფესიონალიზმი.

მუხლი 5. კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები

კონტროლის პალატა უფლებამოსილია, სხვა სახელმწიფოთა უმაღლეს აუდიტორულ, მაკონტროლებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.

თავი II

კონტროლის პალატის საქმიანობის მიმართულებები

მუხლი 6. კონტროლის პალატის უფლებამოსილება

1. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კონტროლის პალატა ამოწმებს:

ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;

ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას კონტროლის პალატა ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) მიმართ;

თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;

ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტს. კონტროლის პალატა სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას ამოწმებს, თუ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ საწარმოს აუდიტს სამ წელიწადში ერთხელ მაინც არ ატარებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთი. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს აუდიტის ჩატარების მოთხოვნით კონტროლის პალატას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართავს საქართველოს მთავარი პროკურორი ან მისი მოადგილე;

კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომლის გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან.

3. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას კონტროლის პალატა ამოწმებს არაგეგმური თემატური აუდიტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტროლის პალატა ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსურ აუდიტს.

4. კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ატარებს ექსპერტიზას და გასცემს დასკვნებს საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, აგრეთვე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე.

5. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელებისას დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის თაობაზე. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები.

7. კონტროლის პალატა თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. კონტროლის პალატა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს აუდიტის აქტი, ცნობა, ანგარიში (დასკვნა), რეკომენდაცია, მოხსენება და სხვა ანგარიშები და დასკვნები. ამასთანავე, იგი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხება აუდიტის ობიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 7. წინასწარი აუდიტი

1. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობის განხორციელების მიზნით აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენა კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

2. წინასწარ აუდიტზე არ ვრცელდება ამ კანონის V თავის დებულებები, გარდა 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა.

იხილეთ სრულად: კანონი საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ.pdf