დრო:14:40:43თარიღი:შაბათი 13 აგვისტო 2011

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


შესაძლებლობების განვითარების 2010–2011 წლების გეგმა

საქართველოს კონტროლის პალატა, როგორც უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტი, არსებით როლს ასრულებს საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალების  განმტკიცებაში, რაც თავის მხრივ მოითხოვს საქმიანობის წარმართვას მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

კონსტიტუციური მანდატის ეფექტიანად და ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელია კონტროლის პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

შესაძლებლობები აერთიანებს ინსტიტუტის უნარს, ცოდნას, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობას. შესაძლებლობების განვითარება გულისხმობს თითოეული კომპონენტის გაუმჯობესებას, არსებულ საუკეთესო მაგალითზე დაყრდნობასა და სისუსტეების აღმოფხვრას.

საქართველოს კონტროლის პალატა, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის კანონით განსაზღვრული ახალი მანდატის გათვალისწინებით, ახალი გამოწვევების წინაშეა. გამოწვევები კომპლექსური ბუნებისაა და დაკავშირებულია როგორც ინსტიტუტის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასთან, ასევე ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან, განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების საშუალებით.

საქართველოს კონტროლის პალატამ შეიმუშავა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებსაც წინამდებარე „შესაძლებლობების განვითარების 2010-2011 წლების გეგმა“ ეფუძნება. კერძოდ, კონტროლის პალატის განვითარების სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია საქართველოს კონტროლის პალატის სტრატეგიული განვითარების 2009-2011 წლების გეგმით, 2010 წლის განმავლობაში კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად დამტკიცებულია 2010 წლის აუდიტის სამუშაო გეგმა, რომელიც ასევე განსაზღვრავს 2011 წლის საორიენტაციო სამუშაო გეგმას.

ზემოაღნიშნული სტრატეგიული სამოქმედო დოკუმენტებით იდენტიფიცირებული ამოცანების განსახორციელებლად კონტროლის პალატამ განსაზღვრა კონკრეტული საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია წარმატებისათვის.

იხ. ვრცლად: შესაძლებლობების განვითარების გეგმა

საქართველოს კონტროლის პალატის 10 პრიორიტეტი 2011 წლისთვის

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმართული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები
ამ პროგრამების მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესი, რამდენადაც ემსახურება ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოების ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის სოციალური ყოფის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. . . 

იხ. ვრცლად: PDF ვერსია

საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების სტრატეგია 2010-2012

შესავალი

საქართველოს კონტროლის პალატა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე.

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი საქართველოს კონტროლის პალატას განსაზღვრავს, როგორც აუდიტის უმაღლეს ორგანოს, და მას სახელმწიფო ბიუჯეტის, საჯარო ფინანსებისა და დაწესებულებათა საქმიანობის აუდიტის უფლებამოსილებით აღჭურავს.

საქართველოს კონტროლის პალატა საქმიანობას წარმართავს ამ კანონის საფუძველზე, რომელიც მას აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას ავალდებულებს. იგი დამოუკიდებლად გეგმავს აუდიტორულ საქმიანობას და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტს, რომელიც მიზნად ისახავს, პარლამენტი და ფართო საზოგადოება უზრუნველყოს სარწმუნო ინფორმაციით იმის შესახებ, რომ სახელმწიფო საქმიანობას ახორციელებს და საჯარო ფინანსებს მართავს კანონის შესაბამისად, მიზნობრივად, ეკონომიურად და ეფექტიანად.

საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შედეგების ძირითადი სიკეთეა საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად შემუშავებული რეკომენდაციებით უკეთესი მმართველობის ხელშეწყობაა.

ეს სტრატეგია არის კორპორაციული მიზნების ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების პრიორიტეტებს 2010-2012 წლებისათვის. სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია კონტროლის პალატის პოლიტიკა მის, როგორც სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებელი ორგანოს, გასაძლიერებლად. იგი ითვალისწინებს საჯარო ფინანსების მართვის სწრაფად ცვალებად გარემოს, რომელშიც კონტროლის პალატა საქმიანობს.

სტრატეგიის განხორციელების პროცესი ორგანიზაციის მენეჯმენტისა და თანამშრომელთა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამონაწილეობით წარიმართება.
საქართველოს კონტროლის პალატა საჭიროებს ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას დასახული მიზნების მიღწევის მონიტორინგის განსახორციელებლად და შედეგების შესაფასებლად, რომლებიც მიზნების მიღწევის ხარისხის შეფასების ინდიკატორებს დაეფუძნება.

მისია

საქართველოს კონტროლის პალატის მისიაა, ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას სახელმწიფო მომსახურებისა და საჯარო ფინანსების მართვის სფეროში კანონიერების, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით.

ხედვა

საქართველოს კონტროლის პალატა სარგებლობს მაღალი პროფესიული ნდობით, როგორც აუდიტის უმაღლესი ორგანო, რომელიც სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად ხარჯვაზე ზრუნავს.

ძირითადი ღირებულებები

საქართველოს კონტროლის პალატის ძირითადი ღირებულებებია:
- დამოუკიდებლობა;
- ობიექტურობა;
- საჯაროობა;
- პროფესიონალიზმი.

საქართველოს კონტროლის პალატა სტრატეგიის განხორციელებით მიზნად ისახავს, განავითაროს საჯარო სექტორის თანამედროვე, დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მოქალაქეთა ნდობით სარგებლობს.
ამ მიზნის მისაღწევად კონტროლის პალატა თავის შესაძლებლობებს განავითარებს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით. ესენია:

  1. პროფესიული განვითარება;
  2. ორგანიზაციული განვითარება;
  3. კორპორაციული რეპუტაცია და გარე კომუნიკაცია.

ძირითადი სტრატეგიული მიზნები, თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად, რომლებიც საქმიანობებს აერთიანებს.

იხ. ვრცლად: PDF ვერსია   PPT ვერსია